GIAC-ის საარბიტრაჟო დღეები 2025: თბილისში კიდევ ერთი წარმატებული კონფერენცია გაიმართა
ყოველწლიური საარბიტრაჟო დღეების რიგით მეთორმეტე კონფერენცია წარმატებით გაიმართა თბილისში. მთავარი პროფესიული ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს საერთაშორისო საარბტრაჟო ცენტრი (GIAC) იყო, ფინანსური მხარდამჭერები კი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა და ადგილობრივი და საერთაშორისო იურიდიული ფირმები იყვნენ.
კონფერენციამ 170-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო არბიტრი, იურისტი და აკადემიური სფეროს წარმომადგენელი გააერთიანა. მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს დარგში მიმდინარე სიახლეები და გამოწვევები.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალურმა მდივანმა ბექა ინჯიამ.
წლევანდელი კონფერენციის მთავარი მომხსენებელი იყო ჯეიმს დოუ, Herbert Smith Freehills Kramer-ის პარტნიორი და გლობალური სამშენებლო და ინფრასტრუქტურული დავების მიმართულების ხელმძღვანელი. მან ისაუბრა საერთაშორისო არბიტრაჟში რეგიონული ცენტრების გაზრდილ როლზე, შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.
9-10 ოქტომბერს გამართული ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები შემდეგ საკითხებზე:
-
დავების არბიტრაჟუნარიანობა
-
არსებული საარბიტრაჟო პროცესის გადახედვა
-
ურთიერთკავშირი ადგილობრივ სასამართლოებსა და საინვესტიციო არბიტრაჟს შორის
-
სამშენებლო და ინფრასტრუქტურული საარბიტრაჟო დავები
-
საარბიტრაჟო არბიტრაჟის განვითარების ტენდენციები
ამასთან, გაიმართა GIAC-ისა და სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა. კონფერენცია ასევე მოიცავდა სოციალურ ღონისძიებებს, რაც მონაწილეებისთვის პროფესიული კავშირების დამყარების საუკეთესო შესაძლებლობა იყო.