GIAC-ის გენერალური მდივანი UNCITRAL-ის მეორე სამუშაო ჯგუფის 83-ე სესიაში მონაწილეობს
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გენერალური მდივანი ბექა ინჯია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და GIAC-ის გამგეობის თავჯდომარე, გიორგი პერტაია მონაწილეობას იღებენ გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) მეორე სამუშაო ჯგუფის (დავების გადაწყვეტა) 83-ე სესიაში, რომელიც 2026 წლის 16-20 თებერვალს, ნიუ-იორკში იმართება.
სესიის ფარგლებში განიხილება „საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ“ UNCITRAL-ის მოდელურ კანონსა და მის განმარტებით ბარათებში შესატანი ცვლილებები. განხილვის მთავარი თემა ელექტრონული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარება და აღსრულება, ასევე, ელექტრონული ფორმით საარბიტრაჟო შეტყობინების გაგზავნაა. აღნიშნული ცვლილებები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ისინი ხაზს უსვამენ მოდელურ კანონში ელექტრონული გადაწყვეტილების ცნების შემოტანისა და განმარტების აუცილებლობას.
2018 წლიდან GIAC არის UNCITRAL-ის მეორე და მესამე სამუშაო ჯგუფების დამკვირვებელი წევრი. მაშინ, როდესაც მეორე სამუშაო ჯგუფი მუშაობს კომერციულ არბიტრაჟთან დაკავშირებულ საკითხებზე, მესამე სამუშაო ჯგუფი ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის დავების გადაწყვეტის რეფორმას ეძღვნება.
როგორც დამკვირვებელ ორგანიზაციას, GIAC-ს აქვს შესაძლებლობა, საერთაშორისო საზოგადოებას გაუზიაროს ქართული გამოცდილება და პრაქტიკა. ამავდროულად, ეს ჩართულობა საშუალებას აძლევს ცენტრს, მუდმივად იყოს საქმის კურსში სამუშაო ჯგუფების ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების, ახალი მიდგომებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.

