EN

გამოცემები

GIAC-ის ორგანიზებით, საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან შეხვედრა გაიმართა
calendar26.07.2023

GIAC-ის ორგანიზებით, საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები და მათგან გამომდინარე დავები – სწორედ ამ თემებზე იმსჯელეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან გაიმართა.

ღონისძიება 15-16 ივლისს „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის“ (GIAC) ორგანიზებითა და ამერიკის შეერთებული შტატების კომერციული სამართლის პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით ჩატარდა. სამუშაო შეხვედრის პარტნიორი იყო „საქართველოს კონსულტანტი ინჟინერთა ასოციაცია“. საქართველოში სამშენებლო სფერო სწრაფად ვითარდება და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, ამიტომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია აღნიშნული პროექტების სამართლებრივი ჩარჩო და მათ შედეგად წარმოშობილი სამართლებრივი დავების სპეციფიკა, პრობლემატიკა და გამოწვევები.

არსებული რეალობის გათვალისწინებით სამუშაო შეხვედრის მიზანი სწორედ ამ თემების წინ წამოწევა და არსებული მიდგომების გაანალიზება იყო. ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნა, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო პრაქტიკა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც უზენაესი, ასევე თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების მოსამართლეები, ასევე მოწვეული ექსპერტები. ღონისძიებაში ჩართულები იყვნენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სპეციალისტები: პროფესორი სტეფან ლოპერცი, გერმანიის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და გერმანიაში ერთ-ერთი წამყვანი იურიდიული ექსპერტი სამშენებლო სამართალში; ტანერ დედეზადე საერთაშორისო ექსპერტი სამშენებლო დავებში; ნინა ცატუროვა, იურისტი, საერთაშორისო ინჟინერთა ასოციაციის (FIDIC) აღიარებული მომრიგებლების საპრეზიდენტო სიის წევრი; და ბექა ინჯია – ა(ა)იპ „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის“ გენერალური მდივანი.

„მსგავსი შეხვედრები ქმნის შესაძლებლობას, გამოიკვეთოს განსაკუთრებით აქტუალური საკითხები და შემუშავდეს მათი ეფექტურად გადაჭრის შესაძლებლობები. ამ თემებზე წინასწარ და ასე, ერთობლივად, მსჯელობა, საერთაშორისო პრაქტიკების ცოდნა, სამომავლოდ დავების განხილვას მკვეთრად გაამარტივებს და დროში შეამჭიდროვებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას.

ხაზი უნდა გავუსვა, რომ ზოგდადა, GIAC-ის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ქვეყანაში დავების განხილვის მექანიზმების განვითარება და ხელშეწყობა წარმოადგენს. ცენტრს აქვს მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრების გამართვისა და საერთო სასამართლოებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება. GIAC ამ პრაქტიკის გაგრძელებას სამომავლოდაც აპირებს“,- აცხადებს „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის“ გენერალური მდივანი.