GIAC-ის გენერალურმა მდივანმა შანხაის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) გენერალურმა მდივანმა შანხაიში შეხვედრა გამართა შანხაის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (SHIAC) წარმომადგენლებთან.შეხვედრა გაიმართა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტისა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს (CCPIT) წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრების ფარგლებში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს GIAC-სა და SHIAC-ს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და ხაზი გაუსვეს არბიტრაჟისა და მედიაციის მნიშვნელობას საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო და ბიზნესურთიერთობების განვითარებაში.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ბიზნესებისთვის უსაფრთხო, ეფექტიანი და პროგნოზირებადი დავის გადაწყვეტის მექანიზმების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით საქართველო–ჩინეთის მზარდი კომერციული ურთიერთობების კონტექსტში.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, მათ შორის, ქართული და ჩინური კომპანიებისთვის შესაბამისი დავის გადაწყვეტის მექანიზმებისა და სახელშეკრულებო დათქმების შემუშავება, დავების გადაწყვეტის მიმართულებით ურთიერთტექნიკური მხარდაჭერა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებების განსაზღვრისა და შესაბამისი შეთანხმებების მომზადებისა და გაფორმების მიზნით.
GIAC-ისთვის საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო პროფესიულ და ინსტიტუციურ ქსელებში საქართველოს პოზიციონირების გასაძლიერებლად და ქართული და საერთაშორისო ბიზნესებისთვის ეფექტიანი დავის გადაწყვეტის მექანიზმების ხელმისაწვდომობის განვითარების მიმართულებით.

