EN

მედიაციის წესები

ODR პროტოკოლი

გადმოწერეთ მედიაციის წესები


1. კომპეტენცია და გამოყენება

1.1. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (შემდგომში „GIAC“-ი) მოცემული ფასილიტაციის წესების (შემდგომში „წესები“) თანახმად ადმინისტრირებას უწევს ადგილობრივი და საერთაშორისო მოლაპარაკების პროცესის წარმართვას ფასილიტაციის მეშვეობით.
1.2. აღნიშნული წესები გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკების წარმართვის მიზნით მიმართონ GIAC-ს.
1.3. მოცემულ წესებში შესაძლებელია ასევე შეტანილ იქნეს ცვლილება მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. ფასილიტატორის დანიშვნის შემდეგ ნებისმიერი ცვლილება საჭიროებს მის თანხმობას.
1.4. GIAC-ის სამდივნო უფლებამოსილია უარი თქვას GIAC-ის ადმინისტრირებით მოლაპარაკების პროცესის წარმართვაზე, იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა მიერ შეთანხმებული ცვლილებები მოცემულ წესებში არსებითად ეწინააღდეგება GIAC-ის წესებით გამყარებულ პრინცპებს, მიდგომებს ან ღირებულებებს.

 
2. განმარტებები

2.1. ფასილიტაცია – პროცესი, რომლის ფარგლებშიც მესამე ნეიტრაული პირი – ფასილიტატორი – ეხმარება მოლაპარაკების პროცესის ეფექტიანად წარმართვაში ორ ან მეტ მხარეს, რომელთაც არ აქვთ დავა და სურთ გარკვეულ საკითხებზე პროდუქტიული მოლაპარკება. ფასილიტატორი თავის საქმიანობაში არ მოქმედებს როგორც მედიატორი მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის განმარტების თანახმად, და შესაბამისად, ფასილიტაციაზე არ ვრცელდება მედიაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა.

2.2. პროცესის მონაწილეები – ფასილიტატორი, მხარეები, მხარეთა წარმომადგენლები და მესამე პირები;

2.3. ფასილიტატორი – ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს GIAC-ის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, აქვს მოლაპარაკების წარმართვის შესაბამისი კომპეტენცია, გამოცდილება და უნარ-ჩვევები და გამოთქვამს თანხმობას, წარმართოს მოლაპარაკების პროცესი;

2.4. მხარე – ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ორგანიზაცია, რომელიც არ არის იურიდიული პირი, რომელიც მოლაპარაკების წარმართვის მიზნით მონაწილეობს ფასილიტაციის პროცესში;

2.5. მესამე პირი – ნებისმიერი პირი, რომელიც არ არის მხარე და რომელიც მხარეთა შეთანხმებით მონაწილეობს ფასილიტაციის პროცესში;

2.6. შეთანხმება – მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმება, რომელიც შეიძლება შედგეს ნებისმიერ ფორმით.

2.7. ფასილიტაციის წესები – წინამდებარე ფასილიტაციის წესები;

2.8. GIAC-ის სამდივნო − GIAC-ის მთავარი ორგანო, რომელიც ადმინისტრირებას უწევს ფასილიტაციის პროცესს GIAC-ის წესდებისა და ფასილიტაციის წესების შესაბამისად;

 

3. საწყისი პროცედურები

3.1. წინამდებარე წესების თანახმად ფასილიტაციის პროცედურების წამოწყება ხდება მხარეთა ერთობლივი მოთხოვნის წარდგენის საფუძველზე. მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს GIAC სამდივნოს წინაშე (ელექტრონული ფოსტით, რეგულარული ფოსტით ან GIAC–ის ვებგვერდის შესაბამისი პლატფორმის მეშვეობით).

3.2. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:

3.2.1. მხარეთა სახელს გვარს ან სახელწოდებას და საკონტაქტო ინფორმაციას მათ შორის ტელეფონი, ელ-ფოსტა, მისამართი და საკონტაქტო პირი ასეთის არსებობის შემთხვევაში;

3.2.2. საკითხის არსის აღწერას, რის შესახებაც უნდა წარიმართოს მოლაპარაკება;

3.2.3. შერჩეული ფასილიტატორის შესახებ ინფორმაციას (სახელი გვარი), ან კრიტერიუმებს თუ მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შერჩეული ფასილიტატორი.

3.3. მხარეებმა შეიძლება ასევე მიუთითონ დამატებითი მოთხვონები, როგორიცაა:

3.3.1. ფასილიტატორების რაოდენობა;

3.3.2. ფასილიტაციის წარმოების ენა;

3.3.3. სხვა დამატებითი საჭიროებები.

 

4. ადგილი და ფორმატი

4.1. ფასილიტატორი მხარეებთან შეთანხმებით განსაზღვრავს პროცესის ან სესიების ჩატარების ფორმატს, ინტენსიობას და ხანგრძილვობას. სესიები შესაძლებელია ჩატარდეს სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ფორმატით, ყოველი საქმის ცალკეული გარემოებების გათვალისწინებით.

4.2. ონლაინ ფასილიტაციის პროცესის წარმართვა მოხდება შესაბამისი დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებებით, რომელთა შერჩევა მოხდება მხარეებთან შეთანხმებით. ონლაინ ფასილიტირებული მოლაპარაკების შემთხვევაში დამატებით იმოქმედებს „ონლაინ (დისტანციური) ფასილიტაციის პროტოკოლი.“

 

5. ენა

GIAC-ის სამდივნოში ფასილიტაციის მოთხოვნის წარდგენისა და მხრეებთან კონსულტააციის შემდეგ სამდივნო განსაზღვრავს პროცესის წარმართვის ენას. საჭიროების შემთხვევაში, შეთანხმება მოხდება ასევე თარჯიმნის ჩართვისა და შერჩევის თაობაზე.

 

6. ფასილიტატორის დანიშვნა

6.1. თუ მხარეებს შორის არ არსებობს შეთანხმება ფასილიტატორის კანდიდატურასთან ან მისი შერჩევის წესთან დაკავშირებით, GIAC -ის სამდივნო მიმართავს მხარეებს და განუსაზღვრავს 3 დღის ვადას ფასილიტატორის ვინაობის ერთობლივად დასახელების მიზნით. ფასილიტატორი ინიშნება GIAC-ის ფასილიტატორთა სიიდან.

6.2. GIAC-ის სამდივნო ეხმარება მხარეებს ფასილიტატორის შერჩევის პროცესში, კერძოდ, სთავაზობს ერთ ან რამოდენიმე კანდიდატს, რომელთაგანაც მხარეებმა შესაძლებელია შეარჩიონ მათთვის მისაღები და სასურველი კანდიდატი.

6.3. იმ შემთხვევაში თუ მხარეები 6.1 პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ შეთანხმდებიან ფასილიტატორზე, ფასილიტატორს დანიშნავს GIAC-ის სამდივნო ფასილიტატორის დანიშვნის მოთხოვნის შესახებ მხარეთა ერთობილვი მომართვის საფუძველზე. ფასილიტატორის შერჩევის პროცესში სამდივნო ითვალისწინებს მხარეთა ინტერესებს და საჭიროებებებს, განსახილველი საკითხის არსს და სპეციფიკას, მხარეთა მოთხოვნებს ფასილიტატორის მახასიათებლებსა და გამოცდილებასთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

6.4. დანიშვნამდე ფასილიტატორმა უნდა წარადგინოს წერილობითი დასტური:

6.4.1. მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის და ხელმისაწვდომობის შესახებ;

6.4.2. შესაბამისი წესების გამოყენების შესახებ.

6.5. პროცესის დაწყებამდე და მისი დაწყების შემდეგ ნებისმიერ ეტაპზე ფასილიტატორი ვალდებულია წერილობითი ფორმით გაამჟღავნოს ნებისმიერი გარემოება, რომელმაც შესაძლებელია გონივრული ეჭვი გააჩინოს მის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ვალდებულება მას ეკისრება სრული პროცესის მიმდინარეობისას. აღნიშნული წერილობითი განაცხადი ფასილიტატორმა GIAC-ის სამდივნოს და მხარეებს უნდა წარუდგინოს მათი ინფორმირებისა და მოსაზრებების დაფიქსირების მიზნით. ასეთი გარემოებების არსებობის მიუხედავად, პირი შეიძლება იყოს ფასილიტატორი, თუ მხარეები ამის შესახებ განაცხადებენ წერილობით თანხმობას. პირს უფლება აქვს მხარეთა თანხმობის მიუხედავად, უარი თქვას მოლაპარაკების პროცესის წარმართვაზე.

6.6. ფასილიტატორი დანიშნულად ითვლება მხარეებისა და ფასილიტატორის საბოლოო თანხმობის წარდგენის საფუძველზე.

 

7. ხარჯები

7.1. GIAC-ის სამდივნო განსაზღვრავს ფასილიტაციის ხარჯებს, რომელიც მოიცავს ადმინისტრირების ხარჯს, ფასილიტატორის ანაზღაურებასა და სხვა ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ფასილიტაციის ტარიფების სქემის შესაბამისად (რომელიც დგინდება GIAC-ის სამდივნოს მიერ და ქვეყნდება მის ოფიციალურ ვებ გვერდზე). აღნიშნული თანხის გადახდა მხარეების მიერ უნდა განხორციელდეს ხარჯების განსზღვრის შესახებ დოკუმენტის მხარეთათვის შესაბამისი წესით ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში.

7.2. თუ მხარეებს შორის არ არსებობს წერილობით სხვაგვარი შეთანხმება, ხარჯები მხარეებს შორის თანაბრად ნაწილდება. იმ შეთხვევაში თუ ერთ-ერთი მხარე წინასწარ გადასახდელ თანახას არ დაფარავს ან მხოლოდ ნაწილობრივ დაფარავს, აღნიშნულის შესახებ ეცნობება მეორე მხარეს. მხარე უფლებამოსილია დაფაროს აღნიშნული გადასახადი თავად. გადაუხდელობის შემთხვევაში მოხდება პროცედურის შეჩერება 10 დღის ვადით, ხოლო ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ წარმოება შეწყდება.

7.3. ფასილიტატორის საზღაური გამოთვლა მის მიერ ფაქტობრივად დახარჯული დროის მიხედვით წინასწარ დადგენილი ტარიფის შესაბამისად (იხ. ტარიფების სქემა GIAC-ის ვებგვერდზე). ტარიფის განსაზღვრა უნდა მოხდეს წინასწარ GIAC-ის სამდივნოს მიერ ფასილიტატორთან და მხარეებთან კონსულტაციის საფუძველზე.

 

8. პროცესის ჩატარება

8.1. წინასწარი ხარჯების სრულად გადახდის შემდეგ GIAC-ის სამდივნო საქმეს გადაცემს ფასილიტატორს.

8.2. საქმის ფასილიტატორისათვის გადაცემის შემდგომ, უმოკლეს ვადაში, ის უკავშირდება მხარეებს და მხარეებთან ერთად განიხილავს მოლაპარაკების პროცესის წარმართვის წესსა და ფორმატს.

8.3. საქმის ფასილიტატორისათვის გადაცემის შემდგომ ნებისმიერი პროცესის წარმართვასთან დაკავშირებული საკითხის შეთანხმება მოხდება ფასილიტატორსა და მხარეებს შორის.

8.4. ფასილიტატორი უძღება მოლაპარაკების პროცესს. იგი ხელს უწყობს მხარეებს მოლაპარაკების ეფექტიანად წარმართვაში მხარეთა ინტერესებისა და საჭიროებების შესაბამისად. მოლაპარაკების პროცესი შეიძლება წარიმართოს ელექტრუნული კომუნიკაციის საშუალებებით.

8.5. პროცესში მხარეებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ კეთილსიდისიერად, სამართლიანად და გამოხატონ პატივისცემა პროცესის მიმართ.

8.6. მოლაპარაკების წარმართვისას ფასილიტატორმა უნდა უზრუნველყოს პროცესში მონაწილეობის მხარეთა თანაბარი შესაძლებლობები.

8.7. ფასილიტატორის მიერ გამართული შეხვედრები/ონლაინ კომუნიკაცია დახურულია და კონფიდენციალური. შემდეგი პირები დაიშვებიან მოლაპარაკების პროცესზე:

8.7.1. ფასილიტატორი;

8.7.2. მხარეები და მათი წარმომადგენლები;

8.7.3. მესამე პირები, რომელთა პროცესში ჩართვა ან პროცესზე დასწრება წინასწარ იყო გაცხადებული და შეთანხმებულია ფასილიტატორთან და ორივე მხარესთან, და რომელსაც ხელი აქვს მოწერილი კონფიდენციალობის შეთანხმებაზე.

8.8. თუ ფასილიტატორი მიზანშეწონილად მიიჩნევს, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, იგი შესაძლებელია თითოეულ მხარეს შეხვდეს ან გაესაუბროს ინდივიდუალურად, კერძო გასაუბრების ფორმატში. ინდივიდუალურ შეხვედრაზე გამჟღავნებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და ფასილიტატორი არ გაუმჟღავნებს მას მეორე მხარეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ინფორმაციის გამცემი პირი აშკარა თანხმობას და სურვილს გამოთქვამს, აღნიშნული გამჟღავნებულ იქნეს მეორე მხარისათვის.

 
9. პროცესის შეწყვეტა

9.1. GIAC-ი სამდივნო შეწყვეტს მოლაპარაკების პროცესს შემდეგი გარემოებების არსებობისას:

9.1.1. მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში;

9.1.2. მხარეთა ან მხარის მიერ ფასილიტატორის ან სამდივნოს წინაშე წერილობითი განაცხადის წარდგენის საფუძველზე, რომ მათ ან მას არ სურთ/ს მოლაპარაკების პროცესის გაგრძელება;

9.1.3. მოლაპარაკების პროცესის მხარეთა შორის შეთანხმებული ვადა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამოიწურა და მხარემ/მხარეებმა უარი თქვეს ვადის გაგრძელებაზე;

9.1.4. მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ ფასილიტატორის წერილობითი განაცხადის საფუძველზე, რომ მოლაპარაკების გაგრძელება აღარ არის გონივრული და გამართლებული;

9.1.5. თუ წინამდებარე წესებით განსაზღვრულ ვადაში მხარეთა მიერ არ მოხდა სამდივნოს მიერ განსაზღვრული წინასწარი ხარჯების გადახდა;

9.1.6. ვერ მოხდა ფასილიტატორის დანიშვნა ამ წესების 6.1 პუნქტში დადგენილ ვადაში და ამ ვადის გასვლიდან 3 დღის ვადაში მხარეებმა ერთობლივად არ მიმართეს GIAC-ის სამდივნოს ფასილიტატორის დანიშვნის მოთხოვნით.

9.2. ფასილიტატორმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს GIAC-ის სამდივნოს მოლაპარაკების პროცესის შეწყვეტის საფუძვლის არსებობის თაობაზე.

 

10. ვადები

10.1. წესების შესაბამისად განსაზღვრული ან წესებით დადგენილი ვადების ათვლა უნდა დაიწყოს იმ რიცხვის მომდევნო დღიდან, როდესაც შეტყობინება ან კომუნიკაცია ჩაითვალა ჩაბარებულად წესების ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. როდესაც, ჩაბარების მომდევნო დღე არის ოფიციალური დასვენების დღე ან არასამუშაო დღე იმ ქვეყანაში, სადაც შეტყობინება ან კომუნიკაცია ჩაითვალა ჩაბარებულად, ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მომდევნო სამუშაო დღიდან. ვადის გამოთვლისას ჩაითვლება ოფიციალური დასვენების დღეები და არასამუშაო დღეები. თუ განსაზღვრული შესაბამისი ვადის ბოლო დღე არის ოფიციალური დასვენების დღე ან არასამუშაო დღე იმ ქვეყანაში, სადაც შეტყობინება ან კომუნიკაცია ჩაითვალა ჩაბარებულად, ვადა იწურება მომდევნო პირველი სამუშაო დღის დასრულებისას.
10.2. შეტყობინება ან კომუნიკაცია ჩაითვლება იმ დღეს ჩაბარებულად, როდესაც მხარემ ან მისმა წარმომადგენელმა მიიღო ის ან იმ დღეს, როდესაც უნდა მიეღო ის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

 
11. კონფიდენციალობა, წარმომადგენლობა, მტკიცებულებები

11.1. ფასილიტირებული მოლაპარაკების პროცესი კონფიდენციალურია. კონფიდენციალურია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მოლაპარაკების პროცესში ან არსებითად გამომდინარეობს მოლაპარაკების პროცესიდან, თუ ინფორმაციის გამცემ პირსა და მხარის ან მხარეთა შორის არსებული წერილობითი შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

11.2. ფასილიტაციის თითოეული მონაწილე ვალდებულია არ გაამჟღავნოს მოლაპარაკების პროცესის მსვლელობისას მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის ვერ მიიღებდა ეს პროცესი რომ არ შემდგარიყო.

 

12. პასუხისმგებლობის გამორიცხვა

ფასილიტატორები, GIAC-ი და მისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელი მოლაპარაკების წარმართვასთან დაკავშირებით მოქმედების განხორციელებისთვის ან შეცდომის დაშვებისთვის და ამით გამოწვეული ზიანისთვის კანონით დაშვებულ ფარგლებში.

 

13. წესებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

GIAC-ს უფლება აქვს, მისი წესდებით დადგენილი წესით ნებისმიერ დროს შეიტანოს წესებში ცვლილებები და დამატებები. ამგვარი ცვლილებები და დამატებები არ გავრცელდება უკვე დაწყებულ ფასილიტაციის საქმის წარმართვაზე. ფასილიტაციის წესებში ცვლილებების შეტანის შემდეგ წამოწყებული მოლაპარაკება განიხილება წესების იმ რედაქციით, რომელიც ძალში იყო ფასილიტირებული მოლაპარაკების წამოწყების დღისათვის, თუ მხარები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.